ბეგობის არწივი
ბეგობის არწივი (ლათ. Aquila heliaca) — მტაცებელი ფრინველი ქორისნაირთა რიგისა. სხეულის საერთო სიგრძე 72–84 სმ აღწევს, ფრთების შლილი 180–215 სმ, მასა 2,4 კგ-დან 4,5 კგ-მდე. დედალი მამალზე დიდია. საერთო შეფერილობა მოყავისფრო-შავია. გასდევს მუქი ფერის მრავალი ვიწრო ზოლი, მხრებზე აყრია პატარა თეთრი ლაქები. გავრცელებულია ბალკანეთიდან წინა აზიისა და სამხრეთ ციმბირის გავლით მონღოლეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე. ბინადრობს სტეპებში, ტყესტეპსა და უდაბნოებში. იზამთრებს სამხრეთში (აფრიკა, აზია). ზოგჯერ მომთაბარეობს. უპირატესობას ანიჭებს მეჩხერ, ფოთლოვან და შერეულ ტყეებს; მთებში ბუდობს ზღვის დონიდან 1400 მეტრამდე. საქართველოში გვხვდება ერთეული წყვილების სახით. ვერტიკალურად აღწევს 2000 მეტრამდე. აღმოსავლეთ საქართველოში მოზამთრე ფრინველია, დასავლეთ საქართველოში — მიმომფრენი. ჩვენში მეტად მცირერიცხოვანია. ბუდეს იკეთებს ხეზე ან ბუჩქზე (1–25 მეტრ სიმაღლეზე), იშვიათად კლდეზე ან მიწაზე, მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებზეც. მასალად იყენებს ტოტებს. აპრილში დებს 1–4 (ჩვეულებრივ 2–3) თეთრ კვერცხს. დედალ-მამალი კრუხობს 43 დღის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ, ხმარობენ 2 ბუდეს. 60–77 დღეში მართვეები ბუდეს ტოვებენ. იკვებება მცირე ზომის ძუძუმწოვრებით, მღრღნელებით. მწერებით. ზოგჯერ ფრინველებით, ქვეწარმავლებით, თევზით და მძორითაც.
შეტანილია IUCN-ისა და საქართველოს „წითელ ნუსხებში“.